თითოეულ კონკრეტულ სამშენებლო დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები დიფერენცირებული აღარ იქნება და იმის მიხედვით არ განისაზღვრება, ესა თუ ის სამართალდარღვევა სად იქნა ჩადენილი.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევაზე ყველგან ერთი ოდენობის საჯარიმო თანხა იმოქმედებს. ჯარიმის ოდენობა კი, მოქმედი კოდექსით დადგენილი მაქსიმალური თანხა იქნება.
დღეს არსებული კანონით, ერთსა და იმავე სამშენებლო სამართალდარღვევებზე დადგენილი ჯარიმების ოდენობა დიფერენცირებულია იმის მიხედვით, თუ სად აქვს ადგილი ამა თუ იმ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სამშენებლო დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმების ოდენობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, ეს ხდება თბილისის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალურ ქალაქში, დაბასა და სოფელში თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, საკურორტო – სარეკრეაციო ზონებში, „ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ.
მთავრობის შეფასებით, ერთსა და იმავე სამშენებლო სამართალდარღვევაზე დადგენილი ჯარიმების რაოდენობებს შორის სხვაობა დისბალანსს ქმნის, ერთი საჯარიმო თანხის განსაზღვრით კი, ჯარიმის თანხებს შორის სხვაობა აღმოიფხვრება.
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, მათი მაღალი რისკის შემცველი სტატუსიდან გამომდინარე, გამართლებული არ არის, ერთი და იმავე სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხების დიფერენცირება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
მუნიციპალიტეტის დასახელებაში – ქალაქში ან თუნდაც მუნიციპალიტეტის დაბაში ან სოფელში სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი თანხები არის მცირე, შეიძლება ითქვას მიზერულიც სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ჩადენილ იმავე სახის სამართალდარღვევაზე.
მომავალში დიდი ალბათობით იქნება რისკი იმისა, რომ თუნდაც დაბაში ან სოფელში მცირე ჯარიმების გამო მეწარმე სუბიექტის მხრიდან ადგილი ჰქონდეს თუნდაც სანებართვო პირობების დარღვევის, შეუსრულებლობის, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ან სხვა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებს,
მაშინ როდესაც ადგილი აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.




