მთავრობამ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.
სამუშაო მოწყობილობებში მოიაზრება სამუშაო სივრცესა და ადგილზე გამოყენებული ნებისმიერი მანქანა-დანადგარი, აპარატურა, ხელსაწყო ან მოწყობილობა, ხოლო სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებში ერთიანდება: მოძრავი მოწყობილობა, ჩანგლიანი დამტვირთველი, თვითმავალი მოწყობილობა, ტვირთამწე მოწყობილობა, ტვირთამწე სტაციონარული მოწყობილობა, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, თავისუფლად მოძრავი ტვირთის ასაწევი მოწყობილობა, სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობა.
დადგენილებაში განსაზღვრულია ყველა ტიპის სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები.
რეგლამენტის II თავი სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებს ეხება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მოთხოვნა სავალდებულო 2025 წლის 1 სექტემბრიდან გახდება.
სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებისთვის დამატებითი მოთხოვნები გულისხმობს ტვირთამწე სამუშაო მოწყობილობასთან და ტვირთამწე სტაციონარულ სამუშაო მოწყობილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ადამიანთა აწევისა და გადაადგილებისათვის განკუთვნილ სამუშაო მოწყობილობებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ასევე, სიმაღლეზე სამუშაოების დროს ხარაჩოებისა და კიბეების გამოყენებასთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს.
დამსაქმებელი უფლებამოსილია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
რეგლამენტი დამსაქმებელებს ავალდებულებს:
1. დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს დასაქმებულები/სხვა პირ(ებ)ი ისეთი სამუშაო მოწყობილობებით, რომლებიც შეესაბამება ან მიესადაგება შესასრულებელ სამუშაოს და შესაძლებელია დასაქმებულთა ან/და სხვა პირთა მიერ მათი გამოყენება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
2. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დამსაქმებელმა სამუშაო მოწყობილობების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოს სპეციფიკური სამუშაო პირობები, მახასიათებლები, არსებული და სხვა დამატებითი საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს საწარმოში/ორგანიზაციაში, სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას.
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სრულად დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად.
4. სამუშაო მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაცია განხორციელდეს მწარმოებლის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციაში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
5. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
