სამტრედიის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი დაცული ტერიტორია – რიონის აღკვეთილი შეიქმნება. ამასთან, დაგეგმილია კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხის ახლებურად დარეგულირება.
ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში მოამზადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად დეკემბერში წარედგინა.
პროექტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიონის აღკვეთილი იქმნება. აღკვეთილის ფართობი 558 ჰა-ს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, აღკვეთილის ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება და რიონის აღკვეთილის შექმნა ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას გაზრდის.
ამავე პროექტის მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით, თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება. ასევე, შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება – არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.
კანონის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა – დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა.




