ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოში მიიღეს.
როგორც ელჩმა ჰერჩინსკიმ “ბათუმელებთან” ინტერვიუში განმარტა, საუბარია ე.წ. გამჭვირვალობის კანონსა და “ქართულ FARA“-ზე.
ჰერჩინსკის თქმით, ეს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
“უკვე რამდენიმე თვეა, გადავწყვიტეთ, აღარ გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიონი ევრო დაიხარჯა საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად. პრაქტიკულად, ფინანსური დახმარების თითქმის ნახევარი პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა.
ვმუშაობდით პრაქტიკულად ყველა სამინისტროსთან იმისთვის, რომ საქართველოს განვითარებაში წვლილი შეგვეტანა. ვაფინანსებდით საქართველოს განვითარების პრაქტიკულად ყველა ასპექტს.
ევროკავშირის წინააღმდეგ ნარატივების, ისევე როგორც ქმედებების, კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ პრინციპებთან დაკავშირებული უკუსვლის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ ფინანსური დახმარება შეგვეწყვიტა და გადავწყვიტეთ ამ რესურსების გადამისამართება სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისკენ.
მაგრამ უნდა ვაღიარო – ეს ყოველდღე უფრო დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. რთული ხდება გარემო, სადაც უფრო და უფრო შემზღუდველ კანონებს იღებენ, რომელიც ჩვენს უწყვეტ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიისთვის ართულებს. მიღებულია ორი სხვადასხვა კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ – ერთი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და მეორე – „FARA“. ამ კანონებით გრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკა ძალიან გართულდა.
ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს მოუწიოს მძიმე ჯარიმების გადახდა ან დასახელდეს „უცხოელ აგენტად“. ეს ადამიანები არ არიან უცხოელი აგენტები – ისინი პოზიტიური ცვლილებების და დემოკრატიული გარდაქმნის გამტარებლები არიან, რეფორმატორები არიან. ამიტომაც, გამოვყავით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. თუმცა ეს მხარდაჭერა თითქმის პარალიზებულია იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც საქართველოში მიიღეს – ეს ჩვენს ფინანსურ დახმარებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს”, – ამბობს ელჩი.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ 5 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მოთხოვნა, მიაწოდონ დიდი რაოდენობით, მათ შორის, მათი ბენეფიციარების პირადი მონაცემები, უკიდურესად შემაშფოთებელია.
“რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, ძალზე შეშფოთებულები ვართ. ასეთი მოთხოვნები აჩვენებს ბევრ რამეს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებზე დიდია ზეწოლა და ამავე დროს აზიანებს დემოკრატიულ სისტემაში ძალაუფლების დაბალანსების სისტემას. ვიმედოვნებ, ეს მოთხოვნა შეიცვლება, რადგან წარმოუდგენელია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულონ გაასაჯაროონ მთელი ეს ინფორმაცია, პირადი მონაცემების ჩათვლით”, – განმარტა “ბათუმელებთან” ჰერჩინსკიმ.
