სამოქალაქო ორგანიზაციები ანტიკორუფციულ ბიუროს პასუხობენ

2025 წლის აგვისტოში შვიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც ბიურო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ შესაძლო დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ინფორმაციის წარდგენას ითხოვს.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) საპასუხო წერილში სამართლებრივად ასაბუთებს, თუ რატომ არის ანტიკორუფციული ბიუროს დაწყებული ინსპექტირების პროცესი უკანონო. კერძოდ, ხაზს უსვამს, რომ MDF-ის საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების და სხვა დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან. მაგალითად:
· MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამა, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიითა და პოლიტიკის სხვა დოკუმენტებით პრიორიტეტულად მიჩნეული მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობას და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას ემსახურება;
· MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამების ბენეფიციარები საქართველოს მოქალაქეები — ახალგაზრდები (სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები) პედაგოგები, მასწავლებელთა პროფესიული პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ასევე, მედიაწიგნიერების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი უწყების — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტრენერები არიან. მხოლოდ 2017-2025 წლებში MDF-ის მედიაწიგნიერების ტრენინგებში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 4000-მდე ახალგაზრდა და 1000-მდე მასწავლებელი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც MDF-მა აკადემიურ სივრცეში 2019 წლიდან დანერგა, 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს;
· MDF-ის მომზადებული საგანმანათლებლო რესურსები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიული ორგანიზაციები) მედიაწიგნიერების სწავლებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია, რაზეც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შექმნილ ვებ-პორტალზე განთავსებული MDF-ის სახელმძღვანელოებიც მეტყველებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებულ სახელმძღვანელოში „მედიაწიგნიერების გაკვეთილები”, რომელიც ფორმალურ განათლებაში აღნიშნული საგნის ინტეგრირებას ისახავს მიზნად, MDF-ის მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები გამოყენებულ ლიტერატურაშია რეფერირებული;
· პანდემიის დროს, კოვიდ-19-ის პრევენციასა და რეაგირების პროცესში, MDF კომუნიკაციის ეროვნულ კომისიასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სკოლებში მედიაწიგნიერების აქტივობებს ახორციელებდა, რა დროსაც საქართველოს 30 ქალაქში 900 სკოლის მოსწავლე, 118 პედაგოგი და 140 მშობელი დატრენინგდა, ხოლო პედაგოგები მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსებით აღიჭურვნენ;
· პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტების მოტივით არსებულ ინფოდემიასთან გამკლავების მიზნით, MDF დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანდაცვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობდა, რაც საზოგადოების დროულ და სწორად ინფორმირებას ისახავდა მიზნად.
· დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით ს ფედერაციიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებშიც არის აღიარებული. ამ მიმართულებით საქმიანობა MDF-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საზიანო ინფორმაციის იდენტიფიცირებას, გამოვლენას, გამოყენებული მეთოდების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირების გზით მისი მედეგობის განმტკიცებას უწყობს ხელს. MDF-ის მიერ ჩატარებული კვლევები და გამოძიებები, არა მხოლოდ მტრული სახელმწიფოს მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს ამხელს, არამედ ადგილობრივი აქტორების მიერ წარმოებულ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასაც იკვლევს, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების ინფორმირება და საინფორმაციო სივრცის მავნე ზეგავლენებისგან დაცვაა, რათა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ.
მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, შეწყვიტოს რეპრესიული ღონისძიებები ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს, დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებასა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების დევნას და უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ანტიკორუფციულ ბიუროს საპასუხო წერილი გაუგზავნა სამოქალაქო საზოგადოების ფონდმაც. წერილში ფონდი განმარტავს, რომ:
· „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი” არ ითვალისწინებს ე.წ. ინსპექტირებასა და მოკვლევას – ეს უფლებამოსილება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა მის მიერვე მიღებული კანონქვემდებარე აქტით დაიდგინა. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის გამოგზავნილ წერილში გაჟღერებული მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, და არღვევს კანონიერების პრინციპს;
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ ექვემდებარება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ დადგენილ მოთხოვნებს. ორგანიზაცია არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს ავტონომიური მმართველო ორგანო – აღმასრულებელი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა განსაზღვრულია წესდებითა და კანონმდებლობით, და ორგანიზაცია არავის მითითებასა და კონტროლს არ ექვემდებარება;
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არ მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური პრინციპალების სასარგებლოდ ან ინტერესის შესაბამისად. ფონდი საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული პრინციპებისა და მიზნების მისაღწევად საქართველოში, ქართველი ხალხის სასარგებლოდ.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში დამატებით არის განმარტებული ამერიკული FARA-ს სტანდარტები, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების ჭრილში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს