სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე ბაბაევისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
მოსამართლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი თავად სამოქალაქო აქტივისტმა გააკეთა.
“უსამართლობის შეგრძნება მაქვს, რადგან ჰგონიათ, 1 000 ლარით რაღაცას შეცვლიან. ჩემი აზრით, მოსამართლის მხრიდან ეს უბრალოდ ფორმალური გადაწყვეტილება იყო […] მე დამაკავეს, იარაღი ჩამიდეს, სასტიკად მცემეს და კიდევ 1 000-ლარიანი გირაო დამაკისრეს, ვითომ იმიტომ, რომ ქვეყანა არ დავტოვო. ეს აბსურდია […] სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩვენს სიმართლესა და უდანაშაულობას დავამტკიცებთ”. – ამბობს ბაბაევი.
სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს დააკავეს.
ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
14 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინება შეცვალა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ახალბედაშვილმა ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა – უკანონოდ.