„სამომხმარებლო სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, იპოთეკური სესხებისგან განსხვავებულია, მსგავს პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთი ბევრად მაღალია და საკანონმდებლო რეგულაციებიც განსხვავდება“ – გვანცა ჟორჟოლიანი
2024 წელს იპოთეკური სესხების გაცემის მაჩვენებლის 15%-იანი კლების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების დროებითი შემსუბუქება გადაწყვიტა და კომერციულ ბანკებს მომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იპოთეკური პროდუქტი შესთავაზა.
იურისტისა და ბიზნესკონსულტანტის, გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თუმცა სპეციფიკური ფინანსური ვალდებულებაა – ის პირდაპირ უკავშირდება უძრავი ქონების შეძენას, რემონტს ან სესხების რეფინანსირებას. როგორც მან „კომერსანტთან“ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია სწორად გაიგონ განსხვავება მიზნობრივ იპოთეკურ სესხსა და უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემულ სამომხმარებლო სესხს შორის, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთები და რეგულაციები მათ შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება.
,,2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული იპოთეკური სესხების გაცემის წლიური მაჩვენებელი, შესაბამისად, სებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები დროებით შეემსუბუქებინა და საქართველოში რეგისტრირებულ სექტორს შესაბამისი – შემსუბუქებული ვარიანტი შესთავაზა.
იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური ვალდებულებაა, თუმცა სხვა საბანკო სესხებიდან, რა თქმა უნდა განსხვავდება. იპოთეკური სესხის მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენა ან უძრავი ქონების გარემონტებაა. მესამე ვარიანტი შედარებით ჰიბრიდულია- თუ კლიენტს აქვს ბევრი სესხი და თვიურად მაღალი პროცენტის გადახდა უწევს, სხვა კომერციული ბანკები სესხის გადამხდელს რეფინანსირებას სთავაზობენ იპოთეკური სესხის საშუალებით, რათა შეძლონ ამ სესხების ერთ ბანკში გაერთიანება და პროცენტის შემცირება.
პირველ რიგში, მოქალაქემ უნდა განსაზღვროს მიზნობრიობა რისთვის სჭირდება კონკრეტული თანხა. ბანკები მომხმარებლებს ხშირად სთავაზობენ სამომხმარებლო სესხს უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ეს სრულად განსხვავებული პროდუქტია და კლიენტმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთი ბევრად მაღალია და საკანონმდებლო რეგულაციებიც განსხვავდება სტანდარტული იპოთეკური სესხისგან.
იპოთეკური სესხის მინიმალური თანხა ეროვნული ბანკის განსაზღვრებით არის 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმუმი- 1 მილიონი ლარი.
იპოთეკურ სესხს აქვს თავისი ვადებიც, მაქსიმალურ ვადათ განსაზღვრულია 18 წელი.
როცა მომხმარებელი იპოთეკურ სესხს იღებს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოს სახელშეკრულებო პირობებს: წლიური პროცენტი განსხვავდება ეფექტური საპროცენტო გადაკვეთისგან. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ყველა იმ გადასახადს, რასაც კომერციული ბანკი ან ფინანსური ორგანიზაცია უწესებს მომხმარებელს”,- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო “კომერსანტის” ეთერში.
