“სამინისტრომ HORECA-სექტორს ქონების გადასახადის გადავადებაზე კულტურული უარი გვითხრა“ – ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დარგის წარმომადგენლებისთვის ქონების გადასახადის გადავადების შესახებ მიმართვის საპასუხოდ კულტურული უარი უთხრა.
როგორც ჰოტელიერი BM.GE-სთან ჰყვება 24 მაისს ეკონომიკის მინისტრთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას საჯარო მოხელეებმა სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვეს. შესაბამისად სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს ქონების გადასახადის გადავადების თხოვნის შემცველი წერილით მეორე დღესვე მიმართეს. დარგი ამას აპრილსა და მაისში ქვეყანაში „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციებისა და შექმნილი ვითარების პირობებში ჯავშნების გაუქმების მიღებული ზარალის გამო ითხოვდა.
„შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ წერილით, იმის გამო რომ მაისში კანონის მიღებისა და საზოგადოებაში საპროტესტო აქციების გამო სასტუმროების დატვირთვა ჩავარდა და 15 ივნისს კი ქონების გადასახადის გადახდა გვიწევდა. ამიტომ უწყებას მივმართეთ წერილით გადაევადებინათ ქონების გადასახადი, ანუ გაუქმებას არ ვითხოვდით. გუშინ – 13 ივნისს მომწერეს პასუხი, რომ იმისთვის რომ ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ თითოეულ კომპანიას უნდა წარგვედგინა კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები 2023-2024 წლებში თვეების მიხედვით მოგება – ზარალები და ა.შ. მაშინ როდესაც ქონების გადასახადი ხვალ უნდა გადავიხადოთ. მერე ამ მონაცემებს დაამუშავებენ, იმსჯელებენ გადაგვივადონ თუ არა. რეალურად ამის დრო აღარ არის და ჩემთვის ეს კულტურულად უარის თქმა იყო. იდეაში ჩანს, რომ ინფორმაციას მიიღებენ და უარს გვეტყვიან.
2024 წლის აპრილის ჩათვლით ჩვენ 30%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო მაისში ჩავარდნამ წლიურად ეს ზრდა გადაფარა ჩვენი შემოსავლები 5 თვის ჭრილში შემცირდა“, – განმარტავს შალვა ალავერდაშვილმა.
ჰოტელიერი განმარტავს, რომ წერილი სამინისტროს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის სახელით გაუგზავნეს, თუმცა ამ მოთხოვნას სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი არაწევრი კომპანიებიც უერთდებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ