ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, „ფეისბუქსა“ და ინსტაგრამზე რეკლამებს, Meta-ს წესების დარღვევით, გაუმჭვირვალედ ათავსებენ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ისინი აცხადებენ, მსგავსი პრაქტიკა ასეთი უწყებისა და მისი ხელმძღვანელის მხრიდან განსაკუთრებით პრობლემურია.
„ანტიკორუფციული ბიუროს კანონით განსაზღვრულ ამოცანას ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა და პოლიტიკურ ფინანსებზე ზედამხედველობა წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკა ასეთი უწყებისა და მისი ხელმძღვანელის მხრიდან განსაკუთრებით პრობლემურია. Meta-ს წესების შესაბამისად, სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკლამის განმთავსებლები ვალდებულნი არიან, მიუთითონ, რომ რეკლამა რომელიმე ზემოხსენებულ თემას ეხება, რის შემდეგაც გამჭვირვალე ხდება რეკლამისთვის გადახდილი თანხის წარმომავლობა, ოდენობა და განმთავსებლის საკონტაქტო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხად განისაზღვრება ნებისმიერი მგრძნობიარე თემა, რომელზეც საზოგადოებაში მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის რეკლამები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სრულად შეესაბამება Meta-ს პოლიტიკური ან სოციალური რეკლამის სტატუსს, არცერთი მათგანი პლატფორმებზე დეკლარირებული ამ დრომდე არ ყოფილა. შედეგად, ამ საჯარო უწყებისა და მისი უფროსის გვერდებზე გაუმჭვირვალედ განთავსებული რეკლამების ნაწილს წესების დარღვევის გამო Meta-მ მოქმედებაც არაერთხელ შეუჩერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
