იმ მძღოლს, რომლის მანქანასაც 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო დემონსტრაციაზე პოლიციელები მუშტებს ურტყამდნენ, დღეს, 22 თებერვალს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, მართვის მოწმობა ჩამოართვეს და სასამართლოში დაიბარეს.
22 თებერვალს მოქალაქე თათუშა არველაძემ, – რომელიც, 2 თებერვლის მსგავსად, 22 თებერვალსაც ავტომობილში იყო, – გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შეყვარებული, ავტომობილის მძღოლი გიორგი მონავარდისაშვილი პოლიციელებს ჰყავთ გაჩერებული რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარედ.
პოლიციელთა განმარტებიდან ირკვევა, რომ მას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის „დარღვევისათვის“, ხოლო პოლიციაში გამოიძახეს, რადგან დამატებით ედავებიან ამავე კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას.
· 123-ე მუხლი გულისხმობს „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებას ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას“;
· 173-ე მუხლი კი გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თავად პოლიციელები მასთან საუბარში ახსენებენ „პოლიციელის შეურაცხყოფას“, თუმცა ასახელებენ ასკ-ის 173-ე მუხლს.
ამასთან, პოლიციელებმა მოქალაქეს ჩამოართვეს მართვის უფლება.
„ახლა ჩვენ გამოგიწერთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რისი გასაჩივრების უფლებაც გაქვთ 10 დღის ვადაში, და 173-ე მუხლთან დაკავშირებით გაგაფრთხილებთ, რომ გამოცხადდეთ სასამართლოში“, – ეუბნება მას პოლიციელი.
კითხვაზე, აქამდე რატომ არ დაუჯარიმებიათ და შეუტყობინებიათ მისთვის, პოლიციელი ამბობს:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება იძლევა ამის საშუალებას, რომ ავტომანქანა იყო ძებნაზე და შეიძლება გაჩერებულიყო სადმე… ახლა როგორც მოვიდა, მოხდა ამ მანქანის დაფიქსირება… მოვედით, ვატყობინებთ, თბილისიდან ვართ ამისთვის ჩამოსულები“.
პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით).
ამასთან, სისხლის სამართლის წესით დააკავეს 8 ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ნიკა მელიაც, – რომელთაც სასამართლომ საპატიმრო გირაო დააკისრა. მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სწორედ ამ დღეს ურტყეს ხელები პოლიციელებმა გიორგი მოვარადისაშვილისა და თათუშა არველაძის ავტომობილს. თათუშა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იხსენებს, რას ხედავდა და გრძნობდა მაშინ, როცა შიგნიდან უყურებდა პოლიციელებს, როგორ ურტყამდნენ გამეტებით მანქანის ფანჯრებს:
