სალომე სამადაშვილი – სანქციები ნიშნავს, რომ აშშ-ს გაუჭირდება საქართველოსთვის დახმარების გაწევა – სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი სუვერენიტეტის თაობაზე

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე, ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის, რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირება იმას ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუჭირდება საქართველოსთვის იმ დახმარების გაწევა, რომელსაც ის იმსახურებს.
„გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია უფრო მტკიცე მოკავშირე, ვიდრე არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ევრო-ატლანტიკური მომავლის დაცვის და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, გასული 30 წლის განმავლობაში , რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ძალიან აქტიურად ცდილობდა ამ სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებას. აი, დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად, ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არა თუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვინც უკვე შემოსულია, იფიქრებს, როგორ სწრაფად უნდა დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთს შორის რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე- არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ჩვენ ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე, რომელიც მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს