სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს – გურამ მაჭარაშვილი

„სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საკუთარ ქვეყანას აგინა და ახლა უნდა, რომ კანდიდატის სტატუსის სუფრაზე დაუპატიჟებლად, ჩანგალზე მივიდეს. ქალბატონო სალომე, ეს უხერხულია. რა თქმა უნდა, ქართული სუფრიდან არავინ გაუგდიათ, მაგრამ მთლად თამადობას ნუ მოინდომებთ – ბოლო წევრად ჭიქა ღვინოს მოგცემენ, თუმცა თუ თქვენს გვერდით გვარამია იქნება, ჭიქაში ჩაიხედოს, საფრთხილოა. ყველამ კარგად დაინახა, სტატუსის მისაღებად რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი.
მისი (პრეზიდენტის) ფიქრები, რომ პოლიტიკოსი გახდება, რა თქმა უნდა, აღუსრულებელია. მას ამის შანსი ფორმალურად აქვს, მაგრამ ვერ შედგა ვერც პრეზიდენტად და ვერ შედგება ვერც პოლიტიკოსად, რადგან როცა ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებ, ბუნებრივად ვერ აღიქვამენ ვერც პოლიტიკოსად და მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტად“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.