ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ყველა ის პატიმარი, რომელიც აქციების პერიოდში დააკავეს, ქართველი ხალხის ღირსების სიმბოლოა.
“გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს!
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე, უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა და აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე მას მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და ამიტომ გამარჯვებულია.
გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები.
ამიტომ, გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
