– ქართველები და უკრაინელები კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს – ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველები და უკრაინელები კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს.
მისი თქმით, უკრაინას ექნება მშვიდობა და „ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში“.
„ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო,
თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ, ეს უკვე მესამედ, გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ, ქართველები და თქვენ, უკრაინელები, კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებინათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც.
თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!“, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?