რეჟიმს ჩაუვარდა არჩევნები – არ მივიდა ხალხი არჩევნებზე იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოქალაქეებმა კარგად გაიგეს, რომ არ შეიძლება დათანხმდე ადგილობრივი არჩევნების ფარსს და მასში მიიღო მონაწილეობა.
„უნდა მივმართო საზოგადოებას და ერთად უნდა დავინახოთ, სად ვართ და როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღე. ამისთვის ჯერ უნდა გავიგოთ, რა მოხდა გუშინ და რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ გუშინდელი დღიდან. პირველ რიგში, უნდა დავინახოთ აუცილებლად, რომ რეჟიმს ჩაუვარდა არჩევნები. როგორც არ ეცადა, რამდენიც არ დაიხარჯა ამ არჩევნებისთვის, არ გამოუვიდა და არ მივიდა ხალხი არჩევნებზე იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ქართველი ხალხი ბრძენია და იციან სად უნდა მივიდნენ და როდის უნდა მივიდნენ. როცა ელოდები, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გამოსწორდეს, დაინიშნოს ახალი თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და გადავიდეთ ახალ პოლიტიკურ სივრცეში, არ შეიძლება, დათანხმება ადგილობრივი არჩევნების ფარსზე და მასში მიიღო მონაწილეობა. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგეს და ვინც არ იყო რაღაცით იძულებული, ან დაინტერესებული, ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლეში „შევარდნა“ ხაფანგი იყო, თუმცა „რუსული სპეცოპერაცია“ ჩავარდა, რადგან პროტესტმა სახე შეინარჩუნა.
„გუშინ ამავე დროს პროტესტი გაცოცხლდა, გაცოცხლდა სწორედ როგორც პროტესტი ამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ. დრო იყო, როცა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ საჭიროა, მე ამ გამოწვევას ვუპასუხო. საზოგადოებამ ნამდვილად უპასუხა, მშვიდობიანად უპასუხა და გამოვიდა 70 000 თუ 80 000, რომელიც ირაკლი კობახიძეს ეცოტავა თვალში, მაგრამ ამდენიც გამოვა და მეტიც გამოვა. ის, რასაც ვამბობდით, 300-ზე მეტი დღის განმავლობაში, რომ პროტესტი არსად წასულა და ნებისმიერ დროს, როცა ჩაითვლება, რომ საჭიროა მეტი ხალხი და მუხტი, ის აქ არის და არსად წასულა. ეს არის ჩვენი საზოგადოების სათქმელი და ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ.
რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. ყველამ გაიგო რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია. ფსიქოლოგიური სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა დიდი ხნის წინ მომზადებულ სხვადასხვა კომპონენტს. შეიძლება ამ პროტესტში დაგროვდა დაღლილობაც, რაც ბუნებრივია და ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. ეს ხაფანგი მეც მეხებოდა, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას.
ყველაფრის მიუხედავად ეს სპეცოპერაცია ამდენი მომზადების მიუხედავად ჩავარდა და ამ დიდმა მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი სახე შეინარჩუნა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან რეჟიმის მთავარი სამიზნე სწორედ ეს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
