სალომე ზურაბიშვილი – „ოფშორების კანონი“ ტოტალურად არაგამჭვირვალეა, კიდევ ცვლილებები იქნა მიღებული, რაც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ გავუმკლავდებით – ასევე, მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსულ კანონზე“ ფოკუსირების ფონზე საჭირო ყურადღების მიღმა დარჩა სხვა კანონები, რომელიც პარლამენტმა „სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით“ მიიღო.
პრეზიდენტი მათ შორის ასახელებს, ე.წ. ოფშორების კანონს და მას „ტოტალურად არაგამჭვირვალეს“ უწოდებს.
ამასთან, პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას გაუმკლავდებიან.
კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას, რომელსაც პრეზიდენტი ხაზს უსვამს, საპენსიო ფონდთან დაკავშირებული საკითხია, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ძალიან მავნებლურია“.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.
მაგალითად „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.
ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.
მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”, – აცხადებს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ცაგარეიშვილი – 2030 წლისთვის საქართველოს ნავსადგურებში თავს მოიყრის გაზრდილი ტვირთნაკადი, რომლის ათვისებაც აუცილებელია განხორციელდეს საქართველოში დაარსებული საზღვაო ფლოტის და ქართული დროშით მცურავი გემების საშუალებით