სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში „ორბელიანების სასახლეში“ მიმდინარეობს.
როგორც პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება იქნება.
„გუშინ დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტი მპატიჟებდა სადილზე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, დავადასტურე და მოვედი. მეეჭვება ახლა სადილის მენიუზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ალბათ, საუბარი იქნება იმ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, იმ ამაზრზენ “რუსულ კანონზე”, რომელიც შემოგვიტრიალეს და პოლიტიკაზე. ეს არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი. “ქართული ოცნება” დგას ს სამსახურში და დანარჩენმა ოპოზიციამ ცოტა უფრო საკუთარ თავს უნდა შემოვუძახოთ, წყენებზე მაღლა დავდგეთ და გავუსწოროთ თვალი რეალობას. თუ ისევ ასე ძიძგილაობას გავაგრძელებთ და საკუთარი წყენის ტყვეობაში ყოფნას, გავიღვიძებთ ტამბოვში, მერე გვარებსაც გადაგვიკეთებენ რუსულად, როგორც მე-19 საუკუნეში და გაგვამწესებენ ციმბირში, როგორც გვიკეთებდნენ ხოლმე რუსები”,-განაცხადა ელისაშვილმა.
არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას ესწრება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.