სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალება და, ზოგადად, დესტაბილიზაციის გზა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, სტაბილურობის შენარჩუნების გზა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის:
„არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო – ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს“.
სალომე ზურაბივშილის თქმით, საზოგადოებამ არჩევნებით უნდა უპასუხოს ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს.
„ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი. გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ -ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანასწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღეს რისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
· 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია.
· 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.
· 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.
ფორუმი