სალომე ზურაბიშვილი: მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ

პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს საკუთარი საპრეზიდენტო მანდატი ბოლომდე გამოიყენოს. ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ მისი როლია “პროევროპული ძალების კონსოლიდაცია” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
“[მანდატის ამოწურვის შემდეგ] თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები. თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ.
ახლა, სწორედ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა შეიქმნას ერთი დოკუმენტი, რასაც ხელს მოაწერენ პოლიტიკური ძალები. ეს იქნება ერთგვარი ქოლგა, რომელსაც მე დავიჭერ და ვაპირებ, დავიჭირო, მათი როლია თვითონ ანხონ თავიანთი ასპარეზი არჩევნებისთვის, ამაში მე ვერ ჩავერევი. ეს არაა ჩემი როლი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არჩევნებამდე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომაზე ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი პრემიერი, საუბრობდა. 2023 წლის დეკემბერში მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ “მაღალი ალბათობაა”, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი გადადგეს და მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში.
6 თებერვალს, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“ – „მომავლის ქარტიას“. მან ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობის ხაზგასმით. კერძოდ, თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს“, არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.
პრეზიდენტის ინიციატივას იზიარებენ ოპოზიციური პარტიებიც, გარდა პარტიისა “საქართველოსთვის”.