ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რომ არა ქართველი ხალხის ერთად ყოფნა, ვერაფერს მივაღწევდით.
„მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი, ერთიანი მიღწევა, რომ არა ერთად, არაფერს არ მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს. ადრე ვერავინ იტყოდა, რომ ამას ჩვენ მივაღწევდით, ასე მალე. ჩვენ საერთოდ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, არც ჩქარა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ჩვენ, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.