საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა – ამის ნებართვა მთავრობისგან მას არ მიუღია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ ის 28 თებერვალს დაესწრება Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.
“ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტისთვის ნებართვის მისაღებად მთავრობისთვის არ მიუმართავს.
გასულ წელს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ოფიციალურ ვიზიტებზე. 2023 წლის 30 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით მთავრობამ განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, “საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა” და “საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში”.
მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არ გამოიყენებდა საბიუჯეტო რესურსს და საკუთარი თანხით გაფრინდებოდა სხვა ქვეყნის ლიდერებთან შესახვედრად. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
ვიზიტების გამართვის გამო მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო – სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.