სალომე ზურაბიშვილი: „არასდროს შევეჩვევით ოკუპაციას“

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში ჩავიდა და 2008 წლის აგვისტოს მუზეუმს ესტუმრა.
„ეს ის მეხსიერებაა, რისი დაკარგვის უფლება არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს და ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ასეთი მუზეუმი გაკეთდა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ თქვა.
„ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არშეგუება ნიშნავს, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს არა იმისთვის, რომ ომით თუ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები… ამ ტერიტორიების დაბრუნება, უფრო სწორად, აქ და იქ მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ, ამ სოფლის გაძლიერებით; იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდების ადგილზე დარჩენა. იქით მცხოვრები ადამიანებისთვისაც, -არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები არიან თუ ოსები,- უნდა გვქონდეს გზავნილები. მათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი, არის ევროპაში და ეს საბოლოო გამაერთიანებელი იქნება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, ბოლოს როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი ეკლესიების დასაცავად.
„რა კეთდება ამ მიმართულებით? რა კეთდება ქართული ენისთვის? რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან ტრანსპორტი დაინიშნოს? ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაც ისეთ ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია?! სად არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი?! კიდევ ერთი რამ, არ შეიძლება არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით, მადლობა მათ!“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აგვისტოს ომის 16 წლისთავს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა X-ზეც:
„აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი ს ბოლო შემოსევიდან, ოკუპაცია დავიწყებული არ არის. ჩვენ არასდროს შევეჩვევით და ვერ მივიღებთ მას! საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუპირისპირდება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას“, — დაწერა მან.
August carries the tragic memory for Georgia’s history. 16 years since the latest Russian invasion, occupation is not forgotten! We will never get used to it or accept it! Georgia will firmly stay on its European path and stand resolute against any attempts at destabilization. — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 7, 2024
სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ისე მანამდე, არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი 2008 წლის აგვისტოს ომზე მისი პოზიციის გამო. ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მართალია, 1801 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა საომარი მოქმედებების 2008 წლის ნაწილი საქართველომ დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის სიტყვები: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საქართველოს სარჩელის საპასუხოდ წარდგენილ წინასწარ შესაგებელში რუსეთის ფედერაციამ, სხვა არგუმენტებთან ერთად, სწორედ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდები დაიმოწმა.
2024 წლის 5 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს საკუთარი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ მის ძველ განცხადებაზე, რაც ზურაბიშვილის თქმით, არ ნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
„ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ საუბარი სხვა რამეზე იყო — შიდა პოლიტიკაზე. იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა [სააკაშვილმა], მაგრამ „ოცნებამ“ გამოძიება არ დაიწყო (დაიწყო სულ სხვა რაღაცაზე, პიჯაკებზე და რაღაცებზე), თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში. მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, ისევე როგორც ზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.