საკონსტიტუციომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული ს არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. სარჩელი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას.
„არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ფარულობის პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი არჩევნების, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის, ხასიათს“, – წერია სარჩელში.
სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს ოპოზიციაც. ორივე სარჩელს სასამართლოს პლენუმი ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს. რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ცხრავე მოსამართლე ბათუმში, სასამართლოს შენობაშია.
განიხილავენ თუ არა მოსამართლეები ამ წუთებში ამ საქმეებს, უცნობია. რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ის გაარკვია, რომ პლენუმს უახლოესი დღეების დღის წესრიგში სხვა საქმის განხილვა არ აქვს.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
ს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61:
· „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
· „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
· „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
· „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ფორუმი