პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ჩამოთვლის ნაბიჯებს, რაც, მისი აზრით, ევროკავშირმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას. ასე ეხმაურება ის ბოლო დღეების დისკუსიას უკრაინაში რუსეთის ომისა და ზოგადად, დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზე.
“საკმარისია ლაპარაკი, მოქმედების დროა: 1. გაფინანსოთ უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან; 2. გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა, ბალტიისპირეთ და ევროკავშირის საზღვრები რუსეთთან; 3. სასწრაფოდ შევიმუშაოთ ახალი ფისკალური წესები ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დასაფინანსებლად. ახლავე!”, – წერს ტუსკი.
Enough talking, it’s time to act! 1. Let’s finance our aid for Ukraine from the Russian frozen assets. 2. Let’s strengthen air policing, the Baltic sentry and the EU borders with Russia. 3. Let’s swiftly adopt new fiscal rules to finance the EU security and defence. Now! — Donald Tusk (@donaldtusk) February 20, 2025
ტუსკი, ასევე, გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპს განცხადებებს უკრაინის, იქ მიმდინარე ომისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ.
„უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია ნიშნავს მთელი დასავლური საზოგადოების კაპიტულაციას. ყველა შემდგომი შედეგით. არავის მისცეთ საშუალება, თავი მოაჩვენოს, რომ ამას ვერ ხედავს“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.
ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ „მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა“ დაარწმუნა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.
ტრამპის თქმით, ეს ომი პირადად მისი და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ზელენსკი არ ატარებს არჩევნებს, დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ჯო ბაიდენის მანიპულირება იყო.
ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.
