საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვიოს პატიმრობის მისჯას.
დღეს ზურა ჯაფარიძეს 7-თვიანი, ხოლო ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
როგორც საია წერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, როდესაც ის მიზნად ისახავს ოპოზიციის ჩახშობას ან დემოკრატიული პროცესებით მანიპულირებას, არის კონვენციის სერიოზული დარღვევა.
“2025 წლის 21 მაისს საიამ საზოგადოებას წარუდგინა დასაბუთებული სამართლებრივი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა შეფასებულიყო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად, რაზე დაყრდნობითაც, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევებში ადგილი აქვს ავი განზრახვით (ulterior purpose) სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.
აღნიშნულს, ასევე, ამყარებს განაჩენის გამოცხადებამდე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც არ აღიარებს [ამ პარლამენტს], „წავლენ ციხეში“.
როდესაც ხელისუფლება სისხლის სამართლის მექანიზმებს ინსტრუმენტად იყენებს განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად, კრიტიკოსების დასაშინებლად ან პოლიტიკური კონკურენციის აღმოსაფხვრელად, ასეთი ქმედებები არღვევს, არა მარტო, ინდივიდუალურ უფლებებს, არამედ, ძირს უთხრის დემოკრატიული პროცესებისთვის საჭირო ფუნდამენტებს”, – წერს საია.
მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყევიამ მიუსაჯა.
