საია მოუწოდებს ომბუდსმენს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა უზრუნველყოს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი. იურისტები მიიჩნევენ, რომ 22 დღიანმა შიმშილობამ შესაძლოა, უკანონო პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულამდე დაამძიმოს.
საიას განცახდებით, სახალხო დამცველს უკვე მიეწოდა იმ ქიმების სია, რომლებიც მზად არიან, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში ჩაერთონ.
საიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში უკანონო პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.
მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.
იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.
საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში, – ნათქვამია განცხადებაში.