საია მუქარის ზარებზე: შესაძლოა, მონაცემთა დამუშავება სახელმწიფო უწყებების ბაზებით ხდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს. საია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
“2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია” – აცხადებს საია.
7 მაისს მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან უცხო ქვეყნის ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირები რეკავდნენ, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
დღეს, 8 მაისს კი, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტმა დაწერა, რომ მათ უკვე მკვლელობით დაემუქრნენ.