საიას თავმჯდომარის პოსტზე ნონა ქურდოვანიძეს თამარ ონიანი შეცვლის

საიას თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. ის ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც ორგანიზაციას 3 წელი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას თავად საია ავრცელებს:
,,დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საიას თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია.
თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო, 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი. 2025 წლიდან თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამავდროულად, არის მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.
თამარი 2021 წლიდან საიაში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საიაში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.
ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მან ამოწურა უფლებამოსილების ვადა, ხოლო საიას წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. საიას გუნდი მადლიერია ნონა ქურდოვანიძის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. მისი ლიდერობით ჩვენ რთულ პერიოდში შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებული შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას.“