საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმები, რომლებიც „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად“ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს.
„ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოს თანხმობით, უფლება აქვს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისაგან“ გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, სხვა კატეგორიის პერსონალური მონაცემი და ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. არსებული რეგულაციების მიხედვით, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტისათვის შეზღუდვები უქმდება ცესკოს მიერ ხმების შეჯამების დღეს. „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტს“ შეუძლია დაფინანსების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისაგან, ასეთ შემთხვევაში დამფინანსებლის სახელის, გვარის და პირადი ნომრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, ამ პერსონალურ ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე განათავსებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება როგორც იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოხატავენ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, ასევე, სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზეც, რომლებიც მართალია ღიად არ გამოხატავენ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, თუმცა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მოუწოდებენ ხმა მისცენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ან ხმა არ მისცენ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოწოდებას ანტიკორუფციული ბიურო, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ძალიან ფართოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტავენ“, – ნათქვამია ორგანიზაიცების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, როგორც მას განმარტავენ და იყენებენ ანტიკორუფციული ბიურო და საერთო სასამართლოები, ზღუდავს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას.
„ეს ხდება მათ შორის მაშინ, როცა ისინი მოქმედებენ თავიანთი მანდატის ფარგლებში – ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე გახადონ ხელისუფლების საქმიანობა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიული უკუსვლის გამო მათ კრიტიკასაც გულისხმობს, ისე, რომ ამ კრიტიკით არ მოუწოდებენ ამომრჩეველს ხმა არ მისცენ მმართველ პარტიას. ამასთან, მმართველი პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემად განიმარტება არაპოლიტიკური ორგანოს – საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკაც“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ამდენად, წარდგენილი სარჩელით, საია და MDF დავობენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამგვარი გამოყენება წარმოადგენს კონსტიტუციის მე-17 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) და 22-ე მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას.
