საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თამბაქოზე აქციზი 20%-ით უნდა გაიზარდოს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თამბაქოზე აქციზი 20%-ით უნდა გაიზარდოს
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თამბაქოს მოხმარება მცირდება. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და მოჰყავს თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონაცემები, რომელთა თანახმად, 2016 წელს მწეველთა წილი მოსახლეობაში 33% იყო, 2025 წლის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 26.5 %-მდე იკლო. ამასთან, ალიანსის ინფორმაციით, მიუხედავად პროგრესისა, ევროპის საშუალო დონესთან შედარებით მწეველთა რიცხვი კვლავაც მაღალია. იმისთვის, რომ მწეველთა რიცხვის შემცირება გაგრძელდეს, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა სიგარეტზე აქციზი გაიზარდოს. მათი ქმით, ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება თუკი თამბაქოზე აქციზი 20%-ით მოიმატებს, რაც მათივე პროგნოზით 2025-2028 წლებში დაახლოებით 17 ათასი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს აგვარიდებს თავიდან. აღნიშნულის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქციზის ფასის ზრდა იწვევს მოხმარების შემცირებას და სახელწმიფოს შემოსავლის ზრდას. ეს არის გზავნილი, რომლისთვისაც საქართველოში ჩამოვედით,“ – განაცხადა ავსტრიელმა მკვლევარმა კორნე ვან ვალბეეკმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ასეთი მიდგომების გამო, საზოგადოებრივი ექსპერტები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც აქციზის შემცირებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 1.90 ლარიდან 1.30 ლარამდე მცირდება, შეღავათი შეეხება მხოლოდ პირველ 35 მილიონ კოლოფს. შემდეგ კი ახალი განაკვეთი ამოქმედდება – 20 ღერზე 2,75 ლარი. ასეთივე იქნება აქციზი იმპორტირებული საქონლისთვისაც. აქციზის ცვლილების პარალელურად, მცირდება სიგარეტზე ადვალური გადასახადი. ცვლილებების მიზნად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა სახელდება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მსგავსი საგადასახადო პოლიტიკით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესი არ იქნება მიღწეული, კერძოდ, შესაძლოა, მწეველების გარკვეულ კატეგორიაში მატებაც კი ვიხილოთ.

ბახტურიძის თქმით, ამ ცვლილებამ, შესაძლოა, შეაჩეროს ის პროგრესი, რაც ქვეყანას 2019 წლიდან აქვს, როცა ადგილობრივი და იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები გათანაბრდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ფურცელაძის შეფასებით კი,
ცალკე აღებული ერთი ღონისძიება საკმარისი არ არის მწეველთა რაოდენობის შემცირებისთვის და უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, მოსახლეობას უნდა შეეთავაზოს თამბაქოზე თავის დანებების არაერთი შესაძლებლობა და მხოლოდ გადასახადის ტვირთის გაზრდა არ უნდა იყოს თამბაქოზე უარის თქმის ერთადერთი საშუალება. საუბარია ცხელ ხაზზე, ფსიქოლოგის დახმარებასა და სხვა არაერთ საშუალებაზე, რომლებსაც ცივილიზებული მსოფლიო იყენებს და რომელთა ნაწილიც საქართველოში უკვე დანერგილია.
jandacva.ge