საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები – ლაშა ტუღუშის, ზაზა აბაშიძე და ლია შავგულიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ცალსახად ვემიჯნებით იმ აზრს, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გულისხმობს ძალადობის გამოყენებით მენეჯმენტის შეცვლას – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა მ უგულებელყო ჩვენი არაერთი მოწოდება, დაენიშნა სხდომა შეთავაზებული დღის წესრიგით: „საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით განვითარებული მოვლენები“, – ამის შესახებ ლაშა ტუღუშის, ზაზა აბაშიძისა და ლია შავგულიძის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს არხის მენეჯმენტთან კითხვები აქვთ, რაზეც პასუხებს მოითხოვენ.
“ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„არ ვეთანხმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ცალსახად ვემიჯნებით იმ აზრს, რომ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გულისხმობს ძალადობის გამოყენებით მენეჯმენტის შეცვლას.
ორი თვეა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლებიც ჩვენ საქმიანობას მნიშვნელოვანწილად უკავშირდება. თითქმის ორი თვე ვითხოვდით სამეურვეო საბჭოს სხდომის ჩანიშვნას იმისათვის, რომ გვემსჯელა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რასაც დამატებით გვავალდებულებს ათასობით მოქალაქის პროტესტი, რომლის ხმაც საბჭოს თავმჯდომარეს არ ესმის.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ უგულებელყო ჩვენი არაერთი მოწოდება, დაენიშნა სხდომა შეთავაზებული დღის წესრიგით – „საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებით განვითარებული მოვლენები“.
როგორც იქნა, დაინიშნა კანონით სავალდებულო წესით განსაზღვრული სხდომა, თუმცა ზემოხსენებული მთავარი საკითხი მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.
ამავე დროს, გამოქვეყნდა საბჭოს წევრთა ნაწილის წერილი, რომლის მიხედვითაც პროტესტში მონაწილე ჯგუფებს აქვთ ვიწროპარტიული ინტერესები, ვერ ეგუებიან განსხვავებულ აზრს და უგულებელყოფენ კანონმდებლობას. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ მოსაზრებას.
პროტესტში მონაწილეობენ განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების მქონე ღირსეული მოქალაქეები. მათი მხრიდან გამოთქმული მთავარი წუხილი არის ის, რომ მათი ინტერესები, მათი და ფართო საზოგადოების ხმა არ ისმის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იცავს ობიექტურობის პრინციპს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გაშუქებისას, რაც კანონით სავალდებულოა, რასაც თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო ს მონიტორინგის შედეგებიც ცხადყოფს, რომლის მიხედვით საარჩევნო პროცესის გაშუქებისას მმართველ პარტიას, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობა ჰქონდა.
პროტესტის მონაწილეთა აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე არ არის სოლიდარული კოლეგა-ჟურნალისტების მიმართ, რისი მაგალითია მზია ამაღლობელი, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს. სად არის ტელევიზიის პოზიცია? იქნებ გვითხრათ, რომ ეს საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე არ არის?
პროტესტში მონაწილე მოქალაქეთა ინტერესია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ასევე ევროპულ მომავალზე ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ქონა.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გვაქვს კითხვები, რომელზეც პასუხები ვერ მივიღეთ. მაგალითად, რა ფინანსდება მაუწყებლის ბიუჯეტიდან პროგრამული პრიორიტეტების შესასრულებლად? როგორი იქნება ტელევიზიის წლიური ბადე? რა გადაცემებია მასში გათვალისწინებული? რატომ არ იხსნება შუადღის ეთერები? როგორია ტელევიზიის სახელფასო პოლიტიკა? როგორ წყდება ინტერესთა კონფლიქტები ტელევიზიის შიგნით?
დიდი ხანია ვსვამთ ამ და სხვა კითხვებს, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებთ, რაც, ჩვენი აზრით, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც და პროტესტის მონაწილეებიც საბოლოოდ მივიღებთ პასუხებს ჩვენს კითხვებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე