საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი სხდომის დანიშვნას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი: ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე საბჭოს სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რათა „უამრავ კითხვას გაეცეს პასუხი“.
ამის შესახებ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ტელევიზიასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ტუღუში აღნიშნავს, მათ რამდენჯერმე მიმართეს მაუწყებელს საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ის ამ დრომდე არ გამართულა.
მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, „დუმს და არ იმჩნევს იმას, რაც ტელევიზიის გარშემო ხდება“.
„სამეურვეო საბჭოს სამი წევრი სამეურვეო საბჭოს შეხვედრას, ე.წ. ბორდის შეხვედრას ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ ტელევიზიის წინ ერთთვიანი საპროტესტო აქციები „ბორდის“ მხრიდან ყურადღებას იმსახურებს. ძალიან უხერხულია, რომ ამდენი ხანია „ბორდი“ არ შეკრებილა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სხდომაზე ვითხოვეთ შეხვედრა, ამის შემდეგ ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვასილ მაღლაფერიძე დუმს და არ იმჩნევს იმას, რაც ტელევიზიის გარშემო ხდება. მივიჩნევთ, რომ ეს გაუგებარი ვითარებაა, არ შეიძლება ასეთი პოზიცია ჰქონდეს სამეურვეო საბჭოს, თითქოს არაფერი ხდებოდეს ტელევიზიის გარშემო.
ამიტომ, შევიკრიბეთ ტელევიზიის წინ და საჯაროდ კიდევ ერთხელ, ვითხოვთ სამეურვეო საბჭოს შეხვედრას. ბუნებრივია, ღია შეხვედრას, სადაც ასევე, იქნებიან დაინტერესებული პირებიც, რომლებიც თავის გულისტკივილს გამოხატავენ. მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრას გენერალური დირექტორიც დაესწროს. მან უნდა გვითხრას რა არის დღევანდელი მდგომარეობა. როგორია მისი პოზიცია მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ არ იხსნება შუა დღის ეთერი. არის პოზიცია, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მაშინ როდესაც ტექნიკური პერსონალი, პირდაპირ ამბობს, რომ არანაირი პრობლემა არაა და ძალიან მარტივია, გავიდეს ის გადაცემები, რომლებიც შუა დღეს გადის და ასევე, დამატებით თუ რამეა საჭირო, რათა საზოგადოება უკეთესად ინფორმირებული იყოს იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია.
ასევე, არის სხვა შეკითხვებიც. მაგალითად, გვაინტერესებს მოვისმინოთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული შიდა მონიტორინგის შედეგები. როგორ და რამდენად კარგად აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევნებს. ვიცით, რომ ეს მონიტორინგი, რომელიც შიგნით ჩატარდა, საკმაოდ კრიტიკულია.
ასევე, გვაქვს შეკითხვები [საეთერო] ბადესთან დაკავშირებით. რატომ ვერ გავერკვიეთ აქამდე როგორი იქნება მომავალი წლის ბადე. რასთან არის დაკავშირებული ასეთი ბუნდოვანება. ხომ არ იგეგმება გარკვეული ნაბიჯები იმ ჟურნალისტებისა და გადაცემების მიმართ, რომლებიც არ ჯდება მავანის გემოვნებაში. ვითხოვთ შეხვედრას, რადგან უამრავ კითხვას გაეცეს პასუხი“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.