საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ტელევიზიის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება “არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული”.
მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხს თანამშრომლის მიმართ სხვა ტიპის დისციპლინური სანქციებია გამოყენებული. მათ შორის არიან გადაცემა “რეალური სივრცის” კორესპონდენტი, თამარ მშვენიერაძე; ამავე გადაცემის წამყვანი, იოსებ კაციტაძე, პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
იოსებ კაციტაძემ თავად გაასაჯაროვა მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მას საყვედური გამოეცხადა. ბრძანებაში მითითებულია, რომ სანქციის მოქმედების პერიოდში – ერთი წლის განმავლობაში – იგივე ან სხვა დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში მასაც გაათავისუფლებენ.
კაციტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ვერაფრით გავჩერდები მომდევნო 12 თვე. ხვალ ფორმულას შუადღეში ვგეგმავ მონაწილეობას”.
სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში სამსახურიდან მასაც გაათავისუფლებენ.
გარდა ამისა, მაუწყებელში აცხადებენ, რომ “მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს”.
თანამშრომელთა მიმართ მოკვლევის დაწყება მაუწყებლის მენეჯმენტმა მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებების შემდეგ დაიწყო. საუბარია კრიტიკულ შეფასებებზე მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის, პოლიტიკური მიუკერძოებელობისა და მისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულების შესახებ. არიხს მენეჯმენტი ამ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს და “დამსაქმებლისთვუს რეპუტაციული ზიანის მიყენებად” აფასებს.
“საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას […] ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე”, – ვკითხულობთ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
