ნათია თურნავას ბრძანებით, ბანკებისთვის დადგენილი ჯარიმების ზედა ზღვარი გაათმაგდა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე ატვირთულია. შედეგად სებ-ს ბანკების დაჯარიმება შეეძლება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხითაც, რასაც აქამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მისი ზედა ზღვარი 0.1%-ით იყო განსაზღვრული.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით ჯარიმების ზედა ზღვარი, რომელიც ბოლოს 2009 წელს გადაიხედა უნდა შეცვლილიყო, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს რეგულატორის მენეჯმენტმა განსაზღვრა. რომან გოცირიძის შეფასებით, სიახლე ეროვნული ბანკის გავლენის ბერკეტებს ბანკებზე კიდევ უფრო გააძლიერებს.
“ჯარიმის დადგენილი ძველი კოეფიციენტები იყო იმ ზომის, რომლის გადახდაც ბანკს უღირდა. დაბალი ჯარიმები ყოველთვის წახალისებას იწვევდა ეროვნული ბანკის წესების დარღვევის, ამიტომ ეს შესაცვლელი იყო, მაგრამ არა იმ ზომით რა ზომითაც შეიცვალა. საზედამხედველო კაპიტალის 1% არის ზოგიერთი ბანკის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარი, რა დარღვევაც არ უნდა იყოს ბანკის ამ ოდენობის თანხით დაჯარიმება დრაკონულია. ოქროს შუალედი იყო მოსაძებნი, რაც გაკეთდა.
შედეგი იქნება ის, რომ უბრალო გადაცდენაზეც კი ეროვნული ბანკი გამოიყენებს რეპრესიულ ზომებს და ეროვნულ ბანკს მეტი ძალაუფლება უჩნდება და მეტად რეპრესიული ხდება ვიდრე ის ბუნებრივად თუ ლოგიკურად შეიძლება ყოფილიყო,”- ამბობს რომან გოცირიძე.
