„საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პერიოდს – როდესაც ამდენი ხანი ვალს ვერ იხდის, განულების შემდეგ ახალი ფინანსები გაუჩნდება?!“

„ეს საგადასახადო ამნისტია შეეხება 145 000 სუბიექტს. რომ შევაფასოთ, ცალსახად დადებითია იმ 145 ათასი სუბიექტისთვის, თუმცა, მეორე მხარეა – 1-ლი რამდენად სამართლიანია სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს და ამ შეღავათებს ვერ იღებენ, და მეორე, საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პერიოდს“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და საურავები ჩამოეწერებათ.
„ეს საგადასახადო ამნისტია შეეხება 145 000 სუბიექტს (შეიძლება, გაიზარდოს კიდეც). რომ შევაფასოთ, ცალსახად დადებითია იმ 145 ათასი სუბიექტისთვის, თუმცა, მეორე მხარეა, ერთი, რამდენად სამართლიანია სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს და ამ შეღავათებს ვერ იღებენ, და მეორე, საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პერიოდს. იმიტომ, რომ წინა საარჩევნო პერიოდშიც გვახსოვს ვადაგადაცილებული სესხების განულება და იგივე, საგადასახადოს რომ გავყვეთ, 2017 წელს მიიღეს, ე.წ ესტონური მოდელი, მაშინაც მსგავსი საგადასახადო ამნისტია ამოქმედდა და ბიუჯეტიდან დაახლოებით, 2 მლრდ ლარი დაჯდა ამ გადასახადების ჩამოწერა. 100 000-მდე სუბიექტს მოიცავდა.
აქ იმაზეც არის საუბარი, რომ ეს სუბიექტები შემდეგ ეკონომიკურად აქტიურები გახდებიან, მაგრამ ეს კიდევ ცალკე განსახილველი საკითხია, რამდენად ეკონომიკურად აქტიურები გახდებიან, როდესაც ამდენი ხანი ვალს ვერ იხდის და აქტიურ სუბიექტს არ წარმოადგენს, ამ გადასახადების განულების შემდეგ ახალი ფინანსები გაუჩნდება?! ადამიანს ფინანსები არ ჰქონდა, გადასახადები ვერ გადაიხადა, შესაბამისად, დავალიანება აქვს, ახლა რომ განულდება, ახალი ფინანსები ხომ ვერ გაუჩნდება?! აქედან ბევრი შეიძლება აქტიური გახდეს კვლავ და მოტივაცია გაეზარდოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. როდესაც 2016 წელს ეს ამნისტია იყო, შემდეგ 2017 წელს მიიღეს ე.წ ესტონური მოდელი და გამართლებული იყო იმით, რომ ახალ საგადასახადო ციკლზე გადადიოდნენ. ეს კიდევ მისაღები არგუმენტია, ახალი საგადასახადო დღის წესრიგი დგებოდა და ეს აუცილებლად მოითხოვს, რომ გაუნულო ამ ადამიანებს. მაგრამ, ახლა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე ადგნენ და განულება დაიწყეს,“- განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.
შეგახსენებთ, რომ დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები გუშინ მესამე მოსმენით (73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი) დაამტკიცა. “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ. ამნისტია შეეხება ისეთ გადასახადებს, როგორიცაა: მიწის, ქონების გადასახადი და სხვა.
წყარო: bpn

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე