დღეს, 10 მარტს, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლები.
შეხვედრიs შემდეგ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათ ინიციატივა გააცნო, რომელიც ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნას გულისხმობს.
მისი თქმით, საერთო საკოორდინაციო ფრონტი არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სამოქალაქო სექტორს და საპროტესტო ნაწილსაც მოიცავს.
ამას გარდა, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს.
„გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომში ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ. მთავარი რაც არის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე და მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს სალომე ზურაბიშვილთან იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას, რათა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნა დაჩქარდეს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, პრეზიდენტის ირგვლივ, პოლიტიკური ძალების, იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, რომ ეს იყოს ერთობლივი კოორდინაციის ცენტრი პრეზიდენტთან, რომელიც შეძლებს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ადეკვატურად უპასუხოს და ერთობლივი პოზიციები შემუშავდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველთან“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთო საკოორდინაციო ფრონტის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია.
„რამდენად შედეგს გამოიღებს, დრო გვიჩვენებს, ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფრონტმა იმუშაოს კონკრეტული მიზნებისთვის, იყოს ქმედითუნარიანი, მასში მონაწილეობა მიიღოს ყველა პარტიამ და ასევე საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ საპროტესტო მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილნი არიან.
ამ ძირითადად კოორდინაცია დემოკრატიულ ძალებს შორის ხდებოდა ხოლმე საგარეო ფრონტზე და ამან მნიშვნელოვანი შედეგებიც მოგვიტანა… თუ ამგვარი კოორდინაციის მექანიზმები გადმოვა შიდა საკითხებზე, იქნება ეს არჩევნების მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება თუ სხვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიები პარტიულ ფორმატში და ინდივიდუალურად არ გავაგრძელებთ მუშაობას და გაძლიერებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.
