საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში, 202.03 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა

ვარშავაში დასრულდა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. სპორტულ წყვილებში მონაწილე 14 ქვეყნის 15 წყვილს შორის გამოდიოდა ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
ჩვენი მოციგურავეებისთვის ეს სტარტი იაპონიის გრან-პრის ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა იყო გრან-პრის ფინალში ასპარეზობის წინ. ჩვენმა წყვილმა წარმატებით იასპარეზა პოლონეთში და ორი პროგრამის ჯამში 202.03 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საფრანგეთში გრან-პრის ეტაპების ფინალურ ასპარეზობამდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვანი შედეგია ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციისთვის, მეტი მზაობისა და დამაჯერებლობისათვის.