საერთაშორისო სავალუტო ფონდი – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია – სებ-მა თავი უნდა აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის გადაცემა და სანდოობა

საქართველოს ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
„ფისკალური პოლიტიკა კარგად არის დაკალიბრებული და ძალისხმევა შემოსავლების მობილიზაციის გაძლიერებასა და ხარჯვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე უნდა იქნას მიმართული. სახელმწიფო ვალი გონივრულ დონეზეა. შემოსავლების მობილიზაცია უნდა მოხდეს საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების რეფორმების გზით, რომლებიც გააფართოებენ საგადასახადო ბაზას და ოპტიმიზაციას გაუკეთებენ საგადასახადო ხარჯებს. ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის პროცესების უკეთ განხორციელებითა და ხარჯების გადახედვით. სოციალური დახმარება უკეთ უნდა იყოს მიმართული ყველაზე დაუცველი ოჯახებისკენ, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამების გაუმჯობესებისა და დასაქმების წახალისების მცდელობებთან ერთად“, – ნათქვამია ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია და რეფორმები წინ მიიწევს“.
„თუმცა მდგრადობის გასაძლიერებლად და რისკების დასაძლევად შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. დოლარიზაციის შემდგომი შემცირებისთვის საჭიროა ძალისხმევის გაგრძელება, ასევე სამომხმარებლო სესხების სწრაფი ზრდისა და ლარით დაფინანსების მონიტორინგი. ფინანსური მომსახურების სექტორში კონკურენცია უნდა გაუმჯობესდეს, მათ შორის ღია საბანკო საქმიანობის გზით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმა, „საქართველოს ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად და ინკლუზიური და სამუშაო ადგილების ზრდის მხარდასაჭერად სტრუქტურული რეფორმაა საჭირო“.
„ძირითადი პრიორიტეტებია მაღალი სტრუქტურული უმუშევრობის, დაბალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და კვალიფიკაციის დეფიციტის აღმოფხვრა პროფესიული მომზადების გაუმჯობესების, მასწავლებელთა ხარისხისა და სოფლის მეურნეობის მიზნობრივი მხარდაჭერის გზით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მმართველობის მრავალი ინდიკატორით თავის თანასწორ სხვა ქვეყნებს წინ უსწრებს, ბოლო დროს დაფიქსირებული უკუსვლა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლებლობების გაფართოებისა და ქონებრივი დეკლარაციების რეფორმების ეფექტური განხორციელების აუცილებლობას უსვამს ხაზს“, – წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, შიდა და გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ფართოდ ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია, ამავდროულად დარჩეს მოქნილი და მონაცემებზე დაფუძნებული.