საერთაშორისო პროექტები დამფინანსებლების პოლიტიკით სრულდება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

“საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხით მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ამავე საფინანსო ორგანიზაციების პოლიტიკითა და წესებით სრულდება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. BMG-იმ უწყებას ჰკითხა: ქართული კომპანიები მსხვილი პროექტების კონტრაქტორები ვერ ხდებიან და მოლაპარაკებების დროს სამინისტრო დონორებთან ამ საკითხს რამდენად აყენებს? წერილობით პასუხში, სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასესხო პირობები მკაცრად არის გაწერილი.
“სასესხო პირობებში მკაცრად არის გაწერილი, რომ პროექტი მათი პოლიტიკის შესაბამისად უნდა შესრულდეს. ქვეკონტრაქტორების წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით რაიმე დათქმას ან მოთხოვნას მათი პოლიტიკა ან სასესხო პირობები არ ითვალისწინებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თავის მხრივ, დარგის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში შესყიდვის განხორციელება იმდაგვარად იგეგმება, რომ ქართულ კომპანიებს არა მხოლოდ ქვეკონტრაქტორად, არამედ პირდაპირი მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ. მაგალითად, მაგისტრალური გზების მშენებლობაში (აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის მშენებლობა) 5 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ქვეკონტრაქტორების შერჩევა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უფლებამოსილებაა. ამასთან, არის ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, რომ საერთაშორისო კომპანიები, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად, ყოველგვარი სავალდებულო პირობის გარეშე, თანამშრომლობენ ქართულ კომპანიებთან”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
კერძო სექტორის ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე თუ შესრულებული მსხვილი პროექტების მთავარი კონტრაქტორები ქართული კომპანიები არ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ