TBC Capital-მა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა განაახლა. აღმოჩნდა რომ 2024 წელს, საერთაშორისო ვიზიტები 4.6%-ით გაიზარდა და 6.46 მილიონი შეადგინა. ვიზიტორებში სამეზობლო ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, ხოლო ხუთეულს ისრაელი კრავს. დამატებით, ვიზიტორების მაღალი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან (+83%), ინდოეთიდან (+47%), ისრაელიდან (+43%), უზბეკეთიდან (+23%) და საუდის არაბეთიდან (+21%).
TBC Capital-ის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებმა 1.2 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 1.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტები წლიურად გაზრდილია ისრაელიდან (+73%), ჩინეთიდან (+40%) და ინდოეთიდან (+28%).
მიმოხილვის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2024 წელს 4.4 მილიარდი აშშ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 19%-ია, თურქეთის – 14%, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთის წილი 13%-ია, ხოლო ისრაელის წვლილი ჯამურ შემოსავლებში 10%-ია. ამ ქვეყნების ჯამური წილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ნახევარზე მეტია.
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 826 მილიონი აშშ. დოლარი მიიღო. რუსეთის წილი 15%, ისრაელის 14%, ხოლო თურქეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 13%-ია.
ვიზიტორების დანახარჯების მხრივ, 2025 წლის პირველ კვარტალში, დანახარჯების 26% შოპინგზე მოდის, ხოლო განთავსების საშუალებებზე და საკვებზე & სასმელზე დანახარჯების თანაბარი წილი, თითოეულ კატეგორიაზე 24%-ს შეადგენს. ამ სამ ძირითად კატეგორიაზე ვიზიტორების დანახარჯების 74% მოდის.
2025 წლის პირველ კვარტალში, განთავსების საშუალებებში გათეული ღამეების მიხედვით სასტუმროები 37%-ს იკავებს, ხოლო 25% ნაქირავებ სახლზე ან ოთახზე მოდის. ვიზიტორები გათეული ღამეების 24%-ს მეგობართან ან ნათესავთან, ხოლო 11%-ს საკუთარ სახლში ატარებენ.
2024 წლისთვის, მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა 56%-ს შეადგენდა, რაც მცირედით, 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებზე. რაც შეეხება 2025 წლის პირველ კვარტალს, ამ შემთხვევაში საშუალო დატვირთულობა 45%-ს შეადგენს, რაც 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის პერიოდზე.
მაღალბიუჯეტური სასტუმრო ნომრის საშუალო ფასი 2024 წელს წლიურად 3%-ით გაიზარდა და გადასახადების გარეშე 130 აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-იან კლებას აჩვენებს და 118 აშშ დოლარს უტოლდება.
