„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ამერიკელი იურისტის ტედ ჯონასის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავების დროს საქართველოსა და ამერიკის მოქალაქე, ტედ ჯონასს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სახელმწიფოს მიერ საქართველოს და ამერიკის მოქალაქის ტედ ჯონასის მიმართ ძალადობის გამო, დარღვეული უფლებების დაცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაგრძობს. ბატონი ტედი დააკავეს აქციების დროს 2024 წლის 30 აპრილის 1-ელი მაისის ღამეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები „ხარებას“ რაზმმა სასტიკად დაარბია. ამ დღეს რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ბატონი ტედ ჯონასი. იგი იყო ნაცემი, ამის შემდეგ იყო განთავსებული მიკროავტობუსში. აქ ის მომსწრე იყო მრავალი ფაქტის, თუ როგორ უსწორდებოდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს. იგივე მოხდა მის შემთხვევაშიც, რაც სხვა დაკავებულების მიმართ ხდებოდა. შემდეგ ის წაიყვანეს პოლიციის სამმართველოსი და ამის შემდეგ გაათავისუფლეს“,-განაცხადა გიგაურმა.
მისი განმარტებით, ტედ ჯონასის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.
„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, პირველ რიგში, მის წინააღმდეგ არცერთი სანდო სამხილი არ იყო პოლიციის მიერ მოტანილი. შესაბამისად, მისი ბრალეულობა არ მტკიცდება. მასზე მოხდა ძალადობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული ღონისძიებები უნდა მიეღო. უკვე ერთ წელიწადზე მეტი გავიდა ამ საქმის შემდეგ და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ საქმით სტრასბურგში მივდივართ და დავიცვათ ტედ ჯონასის ინტერესებს“,-განაცხადა გიგაურმა.
მისი განმარტებით, ტედ ჯონასი უკვე 30 წელია, რაც საქართველოსი იმყოფება და ჩართულია ძალიან ბევრ პროექტში, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.
