საერთაშორისო ბაზარზე კაკლის ფასი გაიზარდა – ასოციაცია მიზეზებზე

საერთაშორისო ბაზარზე კაკლის ფასი გაიზარდა – ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ანა ქევხიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გაზრდილი ფასები ბაზრებზე შექმნილმა დეფიციტმა განაპირობა. შესაბამისად, საერთაშორისო გამოფენებზე უკვე შეინიშნებოდა, რომ იმპორტიორები ახალ მიმწოდებლებს, მწარმოებლებს და ახალ ჯიშებს ეძებდნენ. გაზრდილმა ფასმა კი ადგილობრივ ფერმერებს ექსპორტის მოტივაცია მისცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ჩანდლერის“ ჯიშის კაკალი იწარმოება, რომელიც ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ცნობით, კომერციულად ყველაზე სწორი ჯიშია. მისი თქმის, ეს ჯიში ბევრ ქვეყანაში არ მოდის, თუმცა საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ კლიმატურ პირობებს, რომელიც ამ ჯიშის კაკლის მოსაყვანადაა აუცილებელი.
„2024 წლის მოსავალი ალბათ პირველი დიდი ნაბიჯი იყო, რადგან აქტიური ექსპორტი დავიწყეთ და ევროკავშირის ბაზარზე შევედით. ამაში დაგვეხმარა საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი დეფიციტიც. შესაბამისად, წახალისება მოხდა, ახალი წარმოშობებით დაინტერესდნენ. ყველა გამოფენა აჩვენებდა, რომ იმპორტიორები ახალ მწარმოებლებს ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ამან ფასზეც იმოქმედა.
ადრე, ფერმერებისთვის ადგილობრივი რეალიზაცია უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყო და ექსპორტის საჭიროება არ იდგა. ახლა კი, საერთაშორისო ბაზარზე არსებული საექსპორტო ფასი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასს დაეწია. შესაბამისად, ნახევარი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ხოლო დაახლოებით ნახევარი, ექსპორტზე”, – ამბობს ქევხიშვილი.