საელჩოს განმარტებით, შვედეთში მიმდინარე პროცესი მკვეთრად განსხვავდება ოცნების FARA-სგან

საქართველოში შვედეთის საელჩო ქვეყნის მთავრობის მიერ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შვედეთში მიმდინარე პროცესი მკვეთრად განსხვავდება ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-სგან.
3 ივნისს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე სამთავრობო ტელეკომპანია IMEDI-ს ქარდი გამოაქვეყნა, რომელშიც შვედეთის საელჩო ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს აკრიტიკებს, გვერდით კი შვედეთის მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივაა, სათაურით: “შვედეთის მთავრობა საკუთარ ქვეყანაზე: ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს”. შალვა პაპუაშვილმა ამას “სამარცხვინო” უწოდა.
შვედეთის საელჩო განმარტავს, რომ შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად.