საელჩოები 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურებიან

9 აპრილის ტრაგედიას სოციალურ ქსელებში განცხადებებით ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, ყურადღებას ამახვილებენ თავისუფლების, როგორც ღირებულების მნიშვნელობაზე და მხარს უჭერენ საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.
ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია”.
აშშ-ის ელჩი საქართველოში 9 აპრილის მემორიალთანაც იმყოფებოდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ “1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა. ბევრმა ქართველმა დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე გაიღო”.
“ვაფასებთ 9 აპრილის მემკვიდრეობას და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს თავისუფლებას თავი შესწირა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია.
“საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
გერმანიის საელჩომ საქართველოში ფეისბუკზე გამოაქვეყნა ელჩის, პეტერ ფიშერისა და მისი ცოლის ფოტო, რომლებმაც პარლამენტის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკეს, და ამ ფოტოს ტექსტიც დაურთო:
“მაშინ ქართველი ახალგაზრდები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რამაც მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჩვენ პატივისცემით ვინახავთ მათ ხსოვნას. მათი გმირობა ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპები”.
საქართველოს ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოში ს, შვედეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, თურქეთისა და უკრაინის საელჩოებმაც.
უკრაინის საელჩომ ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვაზე გაამახვილა.
“9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა… ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი ნატოსკენ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
35 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ასევე დაგაინტერესებთ