„საელჩოების შესაძლო შეზღუდვა“, ყულევის პორტის შესაძლო სანქცირება – ჰერჩინსკი ზურაბაშვილს შეხვდა

ხუთშაბათს, 12 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „ქართული ოცნების“ მთავრობაში, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრის შესახებ საგარეო უწყებამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განსხვავებული აქცენტებით გაავრცელეს ინფორმაცია.
ევროკავშირის განცხადებით, ელჩის მიერ მოთხოვნილი შეხვედრის მიზანი იყო ახალ შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით „ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა“.
საგარეო უწყება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ შეხვედრისას მათი მიზანი ბრიუსელისთვის თბილისის პოზიციის გადაცემა იყო სანქციების თაობაზე და ყულევის ნავსადგურის სანქცირების გეგმაზე – რის შესახებაც თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, – და რასაც სამინისტრო „ყოვლად გაუგებარს“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს.
რა პრეტენზია ჰქონდა ბრიუსელს
ევროკავშირის საელჩოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
· შეხვედრა 11 თებერვალს ითხოვა თავად ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ;
· გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართა;
· შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის სერიოზული შეშფოთების გამოთქმა“.

ასევე დაგაინტერესებთ