საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 490 017 333 ლარია. პროექტის დონორი კი აზიის განვითარების ბანკია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.
“მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.4 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს. ზაჰესის გავლით არსებული გზის განახლების შეუძლებლობის გამო, გვირაბი პირდაპირ შემოვლით გზას ქმნის აღმოსავლეთის მიმართულებით.
გვირაბი ორმაგი კამერითაა დაგეგმილი, სადაც მილებს შორის უზრუნველყოფილია კავშირი კომუნიკაციისა და უსაფრთხოებისათვის. მთელი სავალი ნაწილის სიგანეზე (მათ გარეშე, რაც მოიცავს ტროტუარებს) უზრუნველყოფილია 5.00 მ ვერტიკალური ჰაერის სივრცე. გვირაბში დიზაინის სიჩქარე შეზღუდულია 80 კმ/სთ-მდე (საქართველოში მოქმედი ზოგადი წესი). მაქსიმალური გრძივი დაქანება გვირაბში შეადგენს 1.1%-ს. წიწამურის პორტალის საწყისი ნიშნული ზღვის დონიდან არის 498.99 მ, ხოლო ავჭალის პორტალის – 479.10 მ. გვირაბის მაქსიმალური მიწის საფარი დაახლოებით 200 მ-ს შეადგენს.
სპეციალური ტომოგრაფიული ელექტრული კვლევა ჩატარდა გვირაბის მთელ სიგრძეზე ზედაპირიდან, რის შედეგადაც მიღებულია დეტალური და უწყვეტი ინფორმაცია მიწისქვეშა ფენების შესახებ.
პორტალები იდენტიფიცირებულია ახლომდებარე სოფლების სახელებით:
· წიწამურის პორტალი• ავჭალის პორტალი
ორივე პორტალზე შესაძლებელი იქნება მოძრაობის გადართვა ერთი გვირაბიდან მეორეში ტექნიკური მომსახურების, სამუშაოების ან ავარიის შემთხვევაში.
პორტალები შესწავლილია ისე, რომ შემცირდეს ზემოქმედება გარემოზე და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამშენებლო ფართობის საჭიროება. ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია მსგავსი პორტალი, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა იტალიაში, მაღალ გარემოსდაცვით ღირებულ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ სურათი გადაღებულია გვირაბის მშენებლობის საბოლოო ეტაპზე, აშკარად ჩანს, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმალურია”, – ნათქვამია პროექტის განმარტებით დოკუმენტაციაში.
წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი გზა დაუკავშირდება ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთს, რომელიც მეტწილად თბილისის ყოფილი შემოვლითი რკინიგზის მარშრუტს გამოიყენებს. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 22.5 კილომეტრი იქნება და ის თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე ძვირად ღირებული მონაკვეთი იქნება. წინასწარი შეფასებით მისი მშენებლობა 310 მილიონი დოლარი დაჯდება.
“თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის მნიშვნელოვანი ნაწილია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციონირებაში, ისე თბილისის შიდა სატრანსპორტო სისტემის განტვირთვაში. აღნიშნული მონაკვეთი ერთდროულად შეამცირებს სატრანსპორტო მოძრაობას დედაქალაქის შიგნით და გააუმჯობესებს ქალაქის შიდა ნაკადების რეგულირებას.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებასა და გადაადგილების კომფორტს, შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებაში.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 თებერვლის 16:00 საათამდე.
bm.ge




