სად არის დაფიქსირებული გუშინ აქციაზე დახარჯული 10-15 მლნ? — მეგრელიშვილი „ოცნებას“

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, გუშინ, 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე მოქალაქეების თბილისში ჩამოყვანა, დაახლოებით, 10-15 მილიონი დაჯდებოდა.
მეგრელიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა კითხვით, როცა გამჭვირვალობაზე საუბრობენ, სად აისახება ის თანხა, რაც კონტრაქციისთვის მმართველმა პარტიამ დახარჯა.
„მგონი, გუშინ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედით. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალობის კანონის მიღების ფონზე ხდება. თქვენ თქვით 300 ათასიო, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რომ გუშინ აქციაზე იყო 100 ათასი კაცი, გინდა 50 ათასი, ცხადია, ამ ადამიანებს დაფინანსება სჭირდებათ. რომ წარმოვიდგინოთ, საშუალოდ 100 ლარი რომ ღირებულიყო [მათი აქციაზე ჩამოყვანა], გუშინ დაიხარჯა 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს: ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, სად არის გამჭვირვალობა? ეს ხომ პარტიული ღონისძიება იყო და როგორ დავიჯერო, რომ ეს სადღაც აისახება, რომ გუშინ ერთ დღეში ამ ღონისძიებისთვის 10-15 მილიონი ლარია დახარჯული,“ — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
გუშინ, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.