სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატებმა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” თავად ავრცელებს.
მათი ცნობით, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. მათივე თქმით, აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები.
5 თებერვალს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს. აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნახსენები, 6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად, მისი თანხმობით, გადასხმის მემშვეობით მიეწოდებოდა.
აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს. აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.