„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში შანტაჟის პრაქტიკა იყო დამკვიდრებული და დღეს კი სხვა მდგომარეობაა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰესების აშენებაზე პრინციპული დამოკიდებულება აქვს და სადაც სახელმწიფოს სჭირდება, ყველა აშენდება.
როგორც კობახიძე ამბობს, გეგმა აქვთ, რომ 2030 წლისთვის ქვეყანამ თვითკმარობას მიაღწიოს, როცა ენერგეტიკის მოხმარებას გამომუშავება გადააჭარბებს.
„ჰესებთან მიმართებით აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით, იყო შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური ინტერესი იყო. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, უცხოეთიდან არაგამჭვირვალედ დაფინანსებული ენჯეოები გამოჰყავდათ იმისთვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული. შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ, თავის დროზე.
დღეს არის სხვა მდგომარეობა. სადაც სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ თვითკმარობაზე, 10 ათას მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არათუ თვითკმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. აქ ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები. სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარებას, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
