სადაზღვევო სექტორი „დაშენებული სადაზღვევო პაკეტების“ შემოღებას კვლავ ითხოვს (bm.ge)

სადაზღვევო სექტორი კვლავ, ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების შემოღების მოლოდინშია. როგორც „სადაზღვევო ასოციაციაში“ განმარტავენ, საჭიროა 2017 წელს ამოქმედებული რეგულაციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის ყიდვის შემთხვევაში, პირი სახელმწიფო დაზღვევას კარგავს.
ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მიიჩნევს, რომ ამ რეგულაციამ კერძო სექტორს მომხმარებელი დააკარგვინა, ამიტომ, ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევაში, სექტორი პაკეტების დაშენების შესაძლებლობას ითხოვს და პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება.
„ეს არის ყველასთვის მნიშვნელოვანი, რადგან, ადამიანებმა თუ დაზღვევა იყიდეს, საყოველთაოს მომსახურებას დაკარგავენ. რაც არც სამართლიანია და არც სერვისების ხელმისაწვდომობას არ უწყობს ხელს.
მოსახლეობის ნახევარს: ბავშვებს, შშმ პირებს, პენსიონერებს აქვთ უფლება, არ დაკარგონ სახელმწიფო პროგრამა, თუკი, იყიდიან დაზღვევას, სახელმწიფო დაზღვევის შესავსებად.
მოსახლეობის მეორე ნახევარი კი – ის აქტიური, ყველაზე გამრჯე და გადასახადების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, რომელმაც, თუ გაბედა და დაზღვევა იყიდა, საყოველთაოს კარგავს, რაც, არც სამართლიანია და არც ეფექტურია, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
კიდევ ერთი ცუდი ასპექტი აქვს ამას – ამ გადაწყვეტილებით მთავრობა, ფაქტობრივად, მოსახლეობის ნახევარს უბიძგებს, ჯიბიდან გადახდებით აფინანსოს ყველაფერი, რაც საყოველთაოს ფარგლებს სცდება. ეს არის ძალიან ცუდი, სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის და ეფექტურობის თვალსაზრისით“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი BMG-სთან.
მისივე ინფორმაციით, სადაზღვევოებმა ეს საკითხი მთავრობასთან არაერთხელ დააყენეს. საკითხზე კომუნიკაცია გრძელდება. „სადაზღვევო ასოციაციის” განმარტებით, ცვლილების შემთხვევაში, სახელმწიფო მილიონობით ლარის დაზოგავს შეძლებს, ხოლო მოქალაქეები ჯიბიდან გადახდებს შეამცირებენ.
bm.ge